2სული

კუჭ-ნაწლავის პრობლემები ორსულებში.

Posted on: June 29, 2011

ორსულობის დროს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებთან ერთად ცვლილებებს განიცდის საჭმლის მომნელებელი ტრაქტიც. გულძმარვა, ყაბზობა ან დიარეა, მუცლის ტკივილი – აი, რა აწუხებს ორსულს, რომელსაც ამ ცხრა თვის განმავლობაში კომფორტი ისე სჭირდება, როგორც არასდროს.

გვესაუბრება ჩაჩავას სახელობის პერინატოლოგიური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ლია ფანჩულიძე

 

.ქალბატონო ლია, რამდენად ხშირია კუჭნაწლავის პრობლემები ფეხმძიმობისას?
– პრობლემა უდავოდ აქტუალურია. ჩვენი დაკვირვებით, ორსულთა ნახევარს ყაბზობა აწუხებს, შედარებით მცირე ნაწილს – დიარეა, ხოლო ორსულობის მესამე ტრიმესტრში ხშირია ბუასილის შემთხვევები.

 რა იწვევს ყაბზობას ორსულობის დროს?
განასხვავებენ დაავადების ანატომიურ და ფსიქოლოგიურ მიზეზებს.
ორსულობისას საშვილოსნო დიდება და ერთი მხრივ ნაწლავებს აწვება, ხოლო მეორე მხრივ – მცირე მენჯის ღრუს სისხლძარღვებს. ვითარდება ვენური სტაზი. ეს მსხვილი ნაწლავის მოტორულ-ევაკუაციურ ფუნქციას აქვეითებს და პერისტალტიკას აუარესებს. შედეგად ვითარდება ყაბზობა, მწვავდება ჰემოროი.
როგორც აღვნიშნეთ, ყაბზობის ჩამოყალიბებაში გარკვეულ როლს ფსიქოგენური ფაქტორიც ასრულებს.
ორსულობას ყოველთვის სდევს თან გარკვეული ნერვული დაძაბულობა, მღელვარება, ემოციური ლაბილურობა, ფობია, ეს ყოველივე კი ნაწლავთა მოტორულ ფუნქციაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

კუჭნაწლავის ფუნქციის კიდევ რა სახის დარღვევამ შეიძლება იჩინოს თავი ფეხმძიმობის დროს?
– ვებერის კლასიფიკაციით, გამოყოფენ კუჭ–ნაწლავის ფუნქციის მოშლის სამ კლინიკურ გამოვლინებას: ფუნქციურ ყაბზობას, ფუნქციურ დიარეასა და მტკივნეულობის სინდრომს. ყაბზობაზე უკვე ვისაუბრეთ. რაც შეეხება დიარეას, ის უმთავრესად ფერმენტოპათიით არის განპირობებული.
მტკივნეულობის სინდრომის დროს მთავარია დაავადების სწორი დიფერენცირება – მისი განსხვავება სხვა ექსტრაგენიტალური პათოლოგიებისგან. მაგალითად, ილიოცეკალურ მიდამოში ტკივილისას დიფერენციალური დიაგნოზი აპენდიციტთან ტარდება, ეპიგასტრიუმის არეში ტკივილისას – გასტრიტთან, პანკრეატიტთან, ქოლეცისტიტთან; თუ ქალს ბოქვენის მიდამოში აქვს ტკივილი – საშვილოსნოს ჰიპერტონუსთან.

რა პრინციპით მკურნალობენ ორსულთა ყაბზობას?
– ნებისმიერი წარმოშობის ყაბზობის შემთხვევაში უმთავრესი მნიშვნელობა დიეტას ენიჭება. სასურველია, ორსულმა საკვები ძირითადად დღის პირველ ნახევარში მიიღოს, ხოლო ექვსი საათის შემდეგ, თუ მაინცდამაინც შიმშილმა თავი შეახსენა, მსუბუქად ივახშმოს: მიირთვას ხაჭო, ვაშლი და ა.შ.
საკვების მიღება საჭიროა მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად. ამავე დროს, შეეცადეთ, მენიუში უხვად იყოს მცენარეული საკვები (უმთავრესად – ხილი და ბოსტნეული). ის უჯრედისით არის მდიდარი და პერისტალტიკას უწყობს ხელს.
ზოგადად, ყაბზობის დროს მეტად ეფექტურია რძემჟავა პროდუქტები, მაგალითად, მაწონი, კეფირი. სასარგებლოა ჩირი, მისი ნაყენი (200 გ შავი ქლიავის ჩირს დაასხით 400 გ წყალი, მთელი ღამით დატოვეთ და უზმოზე მიიღეთ).

 ცნობილია, რომ საჭმლის მონელების დარღვევა ორსულთა ტოქსიკოზის დროსაც იჩენს თავს. რას ურჩევდით ქალებს, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს?
– ტოქსიკოზი უპირატესად პირველ ტრიმესტრში – ორსულობის ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო საფეხურზე – გვხვდება. ამ პერიოდში მიმდინარეობს ნაყოფის ორგანოგენეზი (ორგანოთა ფორმირება), ამიტომ მედიკამენტების დანიშვნა რეკომენდებული არ არის. პრობლემას უპირატესად ვიტამინოთერაპიით ვაგვარებთ.

სტატიის წყარო : http://www.aversi.ge/main_jurnal.php?lang=geo&idj=1965&cat_id=2

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: